სიგარეტზე აქციზის დაწესებამ და ფასის ზრდამ თამბაქოზე, როგორც პირველადწარმოებულ პროდუქტზე, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გაზარდა. ამის პარალელურად კი, გადამუშავებულ თამბაქოზე ფასი ყოველწლიურად იზრდება. აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში, იქ სადაც წლების განმავლობაში მცირე თუ დიდ მწარმოებელ ფერმერებს სარეალიზაციოდ ბოსტნეული გამოჰყავდათ, ახლა თამბაქოა გაშენებული. შექმნის თუ არა ერთი კონკრეტული კულტურის გავრცელება ფასის ვარდნასა და ბოსტნეულის დეფიციტს ადგილობრივ ბაზარზე? ეკა ბარამიძის რეპორტაჟში ნახავთ.
ბოსტნეულის წარმოების სიხშირით, აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა. წლების განმავლობაში, ფერმერებს, სარეალიზაციოდ თითქმის ყველა სახეობის, ერთწლოვანი კულტურები გამოჰყავდათ. ბოლო ორი წელია, მიდგომა შეიცვალა. ბოსტნეულ კულტურებს თამბაქო ანაცვლებს. მას სათბურებშიც ნახავთ.
თემურ ბერიძე, მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ფერმერთაგანია, რომელმაც სარეალიზაციო წარმოებისთვის არჩევანი თამბაქოზე შეაჩერა. ადგილობრივს, იგი, როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურშიც აქვს გაშენებული.
სხვა ფერმერების მსგავსად, თემურსაც, თამბაქომდე, კიტრი გამოჰყავდა. ადგილობრივ ბაზარს, სარეალიზაციოდ, სეზონურად ექვს ტონამდე კიტრს აწვდიდა. წელს, აგროწესებიდან გამომდინარე, არჩევანი თამბაქოზე, როგორც ძვირადღირებულ პროდუქციაზე შეაჩერა. მიაჩნია, რომ არსებული საბაზრო ეკონომიკის გათვალისწინებით, აჭარის მცირემიწიანი სოფლებისთვის, მოგებას თამბაქო ტოვებს.
თამბაქოს გამოყვანა თებერვლის თვეში ჩითილებით იწყება და გვიან შემოდგომაზე მცენარის აღებით სრულდება. სოფლებში წარმოებულ გამომშრალ თამბაქოს კი, ბათუმში, გადამყიდველებს „ბითუმად“ აბარებენ. შრომატევად საქმეს, ფერმერები, ყოველდღიურად ეწევიან და ფიქრობენ, რომ მისი გავრცელება, ჩაბარების ფასზე არ იმოქმედებს.
აჭარის ეკონომიკის მინისტრი, ერთი კონკრტული კულტურის გავრცელებაში პრობლემას ვერ ხედავს. ჯაბა ფუტკარაძის მოსაზრებით, ოჯახებისთვის მთავარი ფინანსური შემოსავალია.
გადამუშავებული, ერთი კილოგრამი თამბაქოს საბაზრო ღირებულება 15-დან 70 ლარამდე მერყეობს. ჩაბარებისა თუ რეალიზაციის ფასს, ხარისხი გასაზღვრავს.