09, ივნისი 2021 21:30:00
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ინფლუენსერი აჭარიდან, რომელსაც რეგიონში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს. გიყვებით მაკა ქიქავაზე, რომელმაც ტოკ-ტოკზე აქტიურობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ინტერნეტ სივრცის დაპყრობა არ გასჭირვებია და პოპულარულიც მალევე გახდა. 47 წლის ქალს, საზოგადოება მხიარული და ენერგიული ვიდეობით იცნობს.
ცნობილი ბათუმელი ტოკ-ტოკერი ახლა მორიგი ვიდეოს ჩასაწერად ემზადება. ადგილი შეარჩია, მუსიკაც მზადაა, მოძრაობები ექსპრონტად მოდის. ქალი, რომელსაც სოციალურ ქსელში, რეგიონში ყველაზე მეტი, თითქმის 93 ათასამდე მიმდევარი ჰყავს, ვირტუალური სამყაროს ინფლუენსერია. ვიდეოსაც რამდენიმე საათში ათასობით ნახვა აქვს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა მეგობარი ბათუმიდან მიემგზავრებოდა, მაკას ტელეფონში ტოკ-ტოკი ჩაუწერა. პირველი ვიდეო იმდენად პოზიტიური და მხიარული აღმოჩნდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა.
მოკლე ვიდეოებით გამომწერების გამხიარულება სურს. თავს პოპულარულად არ მიიჩნევს, თუმცა გვიყვება, რომ ქუჩაში მარტივად სცნობენ, იღებენ ფოტოებს, სთხოვენ ავტოგრაფებსაც.
პოზიციტიურ გამოხმაურებებთან ერთად არ მალავს, რომ უარყოფითი კომენტარებიც ბევრი იწერება.
პოზიტიურობისა და უბრალოების გამო, მაკა ახლახანს კლიპში გადაიღეს. უცხოელი მუსიკოსის ნამუშევარს ქართველი მაყურებელი ეკრანზე უახლოეს მომავალში იხილავს. ცნობილი ინფლუენსერი კომედიური ჟანრის კლიპში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.
ვიდეოებში ძირითადად ცეკვავს. ამბობს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ხელმეორედ ტიკ-ტოკმა ააცეკვა. სიმბოლურად, დამშვიდობებაც მხიარულ ნოტზე გამოგვივიდა.