01, ივნისი 2021 12:43:00
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად.
"საქართველოში წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია მხარდამჭერი სერვისების არაეფექტიანობასთან, სახელმწიფოს დაგვიანებულ რეაგირებასთან, სოციალური და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების ხარვეზებთან.
საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ კვლავ არაერთგვაროვანია და ხშირად, ბავშვები პირისპირ რჩებიან ძალადობის წინაშე. ამ დრომდე, პასუხისმგებელი უწყებები არ ახდენენ ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტების დროულ იდენტიფიცირებას, სათანადო რეაგირებას და არასრულწლოვნების მხარდაჭერას მათი საჭიროებების შესაბამისად". - წერს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა.