ყურადღების მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქობულეთში. ადგილობრივ ხელისუფლებას ეტლით მოსარგებლეები და უსინათლოები მხედველობიდან რჩება. თან, ამ ადამიანებმა პრობლემაზე საუბარი რომ მოინდომონ, მირიან ქათამაძესთან შესვლასაც ვერ შეძლებენ, რადგან მერიასთან მისასვლელიც კი არაადაპტირებულია. გამოდის, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ხალხის ფულს ძირითადად ისე ხარჯავს, რომ ხალხის საჭირობები არ ახსოვს. უწყებაში პრობლემის სიმწვავეს ვერ ხედავენ, სამაგიეროდ ამაზე ღიად საუბრობენ მცირემხედეველები. ნათელი მაგალითი კი როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე გარეუბნებია.
ვერულიძის ქუჩაზე, რამდენიმე თვის წინ დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია. გზის ამ მონაკვეთზე გარდა ასფალტის საფარისა, მოეწყო ტროტუარები და დაიგო დეკორატიული ფილები, თუმცა ქობულეთის მერიას შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინება დაავიწყდა. ტერიტორიაზე, უსინათლოთა ბილიკი არ არის. შესაბამისად,მხედველობის არმქონე პირებისთვის, დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია.
ზაურ კახიძის მსგავსად, უსინათლოთა ბილიკების არ არსებობა პრობლემას მალხაზ ზოიძისთვისაც წარმოადგენს, რომელსაც მცირეწლოვანი, მხედველობის არ მქონე შვილი ჰყავს. ოჯახი ქობულეთში, წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობს. მჭიდროდ დასახლებულ უბანში ინფრასტრუქტურა ახალია, თუმცა, შშმ პირებისთვის საჭირო გარემოს ვერც აქ იპოვით.
პრობლემა მუნიციპალიტეტში წლებია რომ არსებობს, ამას „უსინათლოთა ხმაშიც“ ამბობენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, საკრებულოს სხდომაზე არაერთი წინადადება დააყენა, თუმცა, რეაგირება მაინც არ მოჰყოლია. ბოლო განცხადება გასულ თვეში გააკეთა. ეს კი მას შემდეგ, რაც მერის მრჩევლად, შშმ პირი, ნინო ნოღაიდელი დაინიშნა. ალექსი წეველიძე იმედოვნებს, რომ ნოღაიდელი ამ კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.
რამდენად გაუმართლდება წეველიძეს მოლოდინები ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ამის თქმის საშუალებას კი ის გვაძლევს, რომ ნინო ნოღაიდელი ქალაქში არსებულ პრობლემას სათანადოდ ვერ აფასებს. პოზიცია, ახლად დანიშნულმა მერის მრჩეველმა, თანამდებობის შემდეგ შეიცვალა. ნოღაიდელი, დღეს იმაში გვარწმუნებდა, რომ ქობულეთში შშმ პირთა საჭიროებები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული და ამ მხრივ, მუნიციპალიტეტს „დასაწუნი“ არაფერი აქვს.
შშმ პირების მიმართ ქობულეთის მერიის პოლიტიკას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღიად ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტისთვის, შშმ პირები პრიორიტეტს არ წარმოადგენენ. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მათი საჭიროებები, მხედველობიდან წინა ხელისუფლებასაც გამორჩა.
კაბინეტიდან ჩამოსვლას და ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას დაგვპირდა, თუმცა, მოგვიანებით სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. პასუხისმგებელმა პირმა, პასუხისმგებლობა აირიდა და კითხვებზე საპასუხოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გამოუშვა. ზაზა კაიკაციშვილს ვკითხეთ, რომელი ქუჩაა შშმ პირთა საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული? პასუხის გასაცემად ფიქრი არც დასჭირდა, რადგან მუნიციპალიტეტს ასეთი, მხოლოდ, ერთი ქუჩა აქვს - თამარ მეფის სანაპირო.
რაც შეეხება სხვა ქუჩებს, რატომ არ ხდება ინფრასტრუქტურის შშმ პირთა საჭიროებებისამებრ მოწყობა? ზაზა კაიკაციშვილი უცნაურ მიზეზს ასახელებს. მისი მტკიცებით, ამის საშუალებას რელიეფური მდგომარეობა არ იძლევა. ამაზე მიზეზით ხსნის, ახლად დასრულებული ვერულიძის ქუჩის კეთილმოწყობასაც.
ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტყუილში, პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ამხილა. „ნიუსთაილში“ გვითხრეს, რომ უსინათლოთა ბილიკის მოწყობას სატენდერო პირობები არ ითვალისწინებდა.
„მაცნეს“ კითხვებს თავი აარიდეს ქობულეთის საკრებულოს წევრებმა „ქართული ოცნებიდან“. წარმომადგენლობითმა ორგანომ მუნიციპალიტეტის მერიისკენ გადაგვამისამართა. ფაქტი კი ერთია, საკრებულოს დეპუტატები უმრავლესობიდან, ბიუჯეტს ისე ამტკიცებენ, რომ პროექტით არც კი ინტერესდებიან. ამაზე არსებული სურათიც მოწმობს. 9 წლიანი მმართველობის შედეგად, ქობულეთი, დღეს, აჭარის ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც შშმ პირთა საჭირეობები გათვალისწინებული არ არის.