სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უყურადღებოდ ტოვებს. ბსუ-ს, ინდოეთის მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ. სტუდენტები, სწავლის დასრულების მიუხედავად, მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო, დიმპლომს ვერ იღებენ. ახალგაზრდებს, პასუხგაუცემელი კითხვები მრავლად აქვთ, სასწავლო დაწესებულება კი, მათ აინგორებს. ადმინისტრაცია, ინდოელებს, ელექტრონულ ფოსტაზეც კი არ პასუხობს. ყველაზე გამაოგნებელი ამბავი კი ისაა, რომ კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს, უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ყალბია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახლა ისღა დარჩენიათ, რომ თავიანთი უფლებები სასამართლოს გზით დაიცვან. ბსუ-ს ადმინისტრაცია, კითხვებზე საპასუხოდ დღეს, არ ჩვენი კამერების წინ აღმოჩნდა. ახალგაზრდებს იმედი აქვთ, რომ TV25-ის რეპორტაჟის შემდეგ, ფაქტით, საგამოძიებო ორგანო და მესამე სექტორი დაინტერესდება.
რაჰულ კუმარი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. განათლებას საქართველოში ჯანდაცვის მიმართულებით უკვე მეხუთე წელია ეუფლება. უკრაინის, რუსეთისა და პოლონეთის შემდეგ, არჩევანი ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ბევრი ფიქრის საფუძველზე გააკეთა, თუმცა მოლოდინებით იმედგაცრუებულია. დაპირდნენ, რომ ბაკალავრს 5 წელიწადში დაამთავრებდა, თუმცა შეთანხმება შეუცვალეს. დიპლომის ასაღებად რაჰულმა მეექვსე წელიც უნდა ისწავლოს.
პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. კიდევ ერთი ინდოელი სტუდენტი, რომელიც მოტყუებული აღმოჩნდა, ჯასა რამია. ჰყვება, რომ უნივერსიტეტს ჯამში 20 ათასი დოლარი გადაუხადა, თუმცა 5 წლის შემდეგ განუცხადეს, რომ დავალიანება აქვს. მიზეზი, რის გამოც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება სურს, საკვალიფიკაციო გამოცდებია. სარეგისტრაციო ვადა 30 აპრილს იწურება, თუმცა იმის გამო, რომ სტუდენტს უნივერსიტეტი დიპლომს არ აძლევს, ახალგაზრდას ამ მხრივაც ბარიერი ექმნება. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია მას არც სხვა უნივერსიტეტში მობილობის საშუალებას აძლებს.
ჯასა რამის მსგავსად პასუხებს ვერ იღებს კიდევ რამდენიმე ინდოელი სტუდენტი. ამბობენ, რომ პრობლემები სავარაუდოდ შუამავალ კომპანია „LLC“-სა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მომხდარმა გაუგებრობამ წარმოშვა. გადახდილი ჩეკები თან აქვთ. გვეუბნებიან, რომ სწავლის საფასურს ყოველწლიურად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ანგარიშზე, პროკრედიტ ბანკში რიცხავდნენ, თუმცა ახლახანს უთხრეს, რომ გადახდის ქვითრები ყალბია. ვინ მოატყუა ინდოელი სტუდენტები? კითხვაზე პასუხის გაცემა ერთმნიშვნელოვნად თავადაც უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მათი უფლებები უხეშად ირღვევა.
პრეტენზიები ამით არ სრულდება. სტუდენტები სწავლის ხარისხითაც უკმაყოფილოები არიან. ამის გარდა უნივერსიტეტს უყურადღებობაშიც ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მათ მოთხოვნებს ყველა უგულებელყოფს.
ვინ მოატყუა ინდოელი სტუდენტები და რატომ აღმოჩნდნენ განათლების მისაღებად ჩამოსული ახალგაზრდები გაუგებრობაში? ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სატელევიზიო კომენტარი ვერ მივიღეთ. პრესსამსახურმა არც კომპანია “LLC”-ის საკონტაქტო მოგვაწოდა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებას 638 ინდოელი სტუდენტი ეუფლება. უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკუთარი უფლებების დაცვას სამომავლოდ სასამართლოს გზით აპირებენ.
