18, იანვარი 2021 18:10:00
"TV 25"-ის სიუჟეტის შემდეგ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საფინანსო და სამეურნეო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. ნათელა ცინცაძეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ახალმა დირექტორმა უკვე დაუკმაყოფილა. როგორც თეონა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს დასაქმებულმა ადმინისტრაციას წერილობით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი თანამდებობას ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით ტოვებს. "ატირებული გამოგვემშვიდობა და წავიდა სამსახურიდან, თქვენი სიუჟეტის შემდეგ აიძულეს თანამდებობის დატოვება" - გვიყვება ერთ-ერთი თანამშრომელი ბათუმის საჯარო ბიბლიოთიკიდან. ბიბლიოთეკის საფინანსო და სამეურნეო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჩვენთან განმარტებების გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. ცნობისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ნათელა ცინცაძესა და ყოფილ დირექტორს, ინგა გოგიბერიძეს კორუფციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ხელშეკრულებებს ნათესავებთან აფორმებდა. საქმეში ნათელა ცინცაძეც ფიგურირებდა. ინგა გოგიბერიძეს თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დაატოვებინეს, თუმცა კორუფციასა და ნეპოტიზმში მხილებული მოგვიანებით აჭარის განათლების სამინისტროში დაასაქმეს. გოგიბერიძე აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს.