12, ოქტომბერი 2020 22:35:00
სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ხელვაჩაურის მერი პირველ საჯარო კომენტარს ექსკლუზიურად TV25.GE-ს აკეთებს.
დატოვებს თუ არა თანამდებობას ჯუმბერ ვარდმანიძე "ბათუმელების" ჟურნალისტის გინებისა და მუქარის გამო, მუნიციპალიტეტის პირველი პირი არ აკონკრეტებს, თუმცა იგი მზადაა ხმის მოსმენის შემდეგ ბოდიში მოიხადოს და თანამდებობის დატოვების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.
"რა მახსოვს სულხან ახლა მაგი, არ მომისმენია ჩანაწერი, რომ მოვისმენ გავიხსენებ და დაგირეკავ შემდეგ, შეიძლება ვიყავი ნასვამი, არ ვიცი" - აცხადებს ჯუმბერ ვარდმანიძე.
დაურეკა თუ არა ჩანაწერის გავრცელების შემდეგ აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ჯუმბერ ვარდმანიძეს? თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგვაგებინებს.
"სულხან გადაწყვეტილებას, რომ მივიღებ გპირდები ექსკლუზიურად პირველი შენ დაგირეკავ" - განაცხადა ხელვაჩაურის მერმა.
TV25.GE-მ თორნიკე რიჟვაძის კომენტარის მოპოვება სცადა, თუმცა აჭარის მთავრობის თავჯდომარემ შეტყობინების ნახვის მიუხედავად არ გვიპასუხა.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურის მერმა გამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტს კრიტიკული შეკითხვების გამო აგინა.