ხშირად აქვთ დედებს პრობლემა, როცა ბავშვს არ უყვარს ბანაობა და სერიოზულ ისტერიკებს აწყობს. პროცესში ხშირად მთელი ოჯახი ერთვება და პატარას "იძულებით" დაბანას ცდილობს.
ახალბედა დედიკოსთვის ბანაობის რიტუალი შეიძლება რთული ამოცანა იყოს, მითუმეტეს, როცა პატარასთვის ეს პროცესი უსიამოვნოა.
დედის ხელის შეხება, პირდაპირი მზერა, ღიმილი, საუბარი - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის.
დაბადებიდან წყალი ნაცნობი, სასიამოვნო გარემოა ჩვილისთვის, შედარებით მოზრდილ ასაკში კი შესაძლებელია ბავშვს საპირისპირო რეაქცია გაუჩნდეს და საკმაოდ მძაფრადაც კი გამოხატოს პროტესტი დაბანის დასაწყისშიც და პროცესშიც. ამ დროს აუცილებელია მოიძებნოს მიზეზი, რათა დავეხმაროთ ბავშვს.
თუ დაბანის დროს ტირის, ეწინააღმდეგება და აღიქვამს დაბანას, როგორც საფრთხეს, ეს მხოლოდ მშობლის ან სხვა მომვლელის ქმედებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს ქმედება შემთხვევითია და ამიტომაც საჭიროებს ეს პროცესი დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას უფროსის მხრიდან.
აუცილებელია მშობელმა გაითვალისწინოს ყველა მცირე დეტალიც კი, წყლის ტემპერატურიდან დაწყებული, საკუთარი განწყობის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ წყლის რაოდენობა აბაზანაში, დაბანის დრო არ უნდა ემთხვეოდეს ბავშვის კვების ან ძილის დროს, ასევე გასათვალისწინებელია პროცედურის ხანგრძლივობა, რომელიც მინიმუმ 20-25 წუთი უნდა გრძელდებოდეს.
მშობლის ქმედებაში უნდა იგრძნობოდეს თავდაჯერებულობა, რომ შეძლებს ბავშვის უსაფრთხოდ დაბანას. მისი სასიამოვნო და მშვიდი განწყობა ბავშვში დაცულობის შეგრძნებას იწვევს.
აბაზანაში ჩაულაგეთ შესაბამისი სათამაშოები, გაუკეთეთ მსუბუქი მასაჟი ღრუბლის დახმარებით, უმღერეთ, ესაუბრეთ, ან ჩაურთეთ მუსიკა.
თუ ბავშვი 2-3 წლისაა, შევეცადოთ აუხსენით ბანაობის მნიშვნელობა, დაიხმარეთ აბაზანის მომზადების პროცესში. კითხეთ, რამდენად მოწონს წყლის ტემპერატურა. მიეცით საშუალება თვითონ შეარჩიოს სათამაშო, რომელთან ერთადაც იბანავებს.