31, აგვისტო 2020 19:52:00
1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება. საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად, საპენსიო თანხები პენსიონერთა ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ჩაირიცხება. ისინი თანხის მიღებას, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში შეძლებენ და მომავალშიც ასე გააგრძელებენ. ინიციატივის მთავარი მიზანია, პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი გადანაწილდეს და საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე myliberty. ge, ასევე ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ან ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში. მოქმედებს ცხელი ხაზიც - 032 255 55 00. რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი მოემსახურება და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში იქნება.