18, მაისი 2020 21:15:00
კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც თავი პანდემიის დროს იჩინა გაძვირებული მედიკამენტებია. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, მოქალაქეებს თანხა არა პრეპარატების, არამედ სურსათის შესაძენადაც არ ჰყოფნით. ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო, ადამიანები წამლების შესაძენად მეზობელ ქვეყანაშიც ვეღარ გადაიან. რა უნდა გაააკეთონ მათ მაშინ, როცა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ან მის გასაუმჯობესებლად მედიკამენტი სჭრიდება, თუმცა შეძენას მაღალი ფასის ან ქვეყანაში არ არსებობის გამო ვერ ახერხებს? ადგილობრივთა პრობლემები სალომე უსტალიშვილმა მოისმინა.
78 წლის მარტოხელა მოხუცი გაჭირვებას წლებია ებრძვის. მისი მდგომარეობა კი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. ციალა ფატლაძე თავს მხოლოდ ასაკობრივი პენსიით ირჩენს. თანხა წამლებისთვისაც არ ჰყოფნის, განსაკუთრებით კი ბოლო დროს. მისი თქმით, ფასები იმდენად გაიზარდა, რომ აფთიაქში მისული სახლში ხელცარიელი ბრუნდება. პანდემიის პერიოდში, მან პენსიაზე მხოლოდ ოც ლარიანი დანამატი მიიღო.
თამილას ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს. 30 წლის ქალი დაავადებას წლებია ებრძვის. ამბობს, რომ პრეპარატი, რომელსაც სამკურნალოდ იყენებს, საქართველოში არ იშოვება, ამიტომ შესაძენად თურქეთში მიდის. თუ კი კოვიდ19-ის მიზეზით ჩაკეტილი საზღვარი ათი დღის ვადაში არ გაიხსნება, მარაგი ამოეწურება.
ასლან გაბიტაძის მეუღლე შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული. მედიკამენტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ეკუთვნის, თვეებია არ აუღია. აფთიაქში, სადაც წამალს იღებდა, ეუბნებიან, რომ მარაგი ამოწურულია. ვერც იმას უკონკრეტებენ, როდიდან იქნება მომსახურება უზრუნველყოფილი.
გაზრდილი ფასის გამო, წამლების შეძენა მომხმარებლებს ბოლო ორ თვეში, განსაკუთრებით რომ გაუჭირდათ, საუბრობენ სააფთიაქო ქსელებშიც. „ფარმაქსის“-მენეჯერი ყურადღებას გამომწვევ მიზეზებზე ამახვილებს. როგორც ამირან მახარაძე ამბობს, პანდემიამ მედიკამენტების იმპორტირების ხარჯები გაზარდა. ამასთან, გართულდა შემოტანაც.
როგორც ფარმაცევტები აღნიშნავენ, ფასების ზრდა უპირველესად იმ წამლებზე აისახა, რომლებზეც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელ, წნევის მარეგულირებელ საშუალებებსა და ანტიბიოტიკებზე.