19, იანვარი 2017 11:35:00
იზოლდა სურმანიძე 35 წელია საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ორი წლის წინ კონკურსის საფუძველზე სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულო გამგებლის წარმომადგენელის პოზიცია დაიკავა. იგი 5 სოფელს კურირებს და აღნიშნულ თანამდებობაზე 23 კაცს შორის ერთადერთი ქალია. ამბობს, რომ მისთვის ბარიერი არ არსებობს და თემში წამოჭრილ პრობლემებს კოლეგების მსგავსად უმკლავდება. მიაჩნია, რომ არსებულ სტერეოტიპებს თავად ქალები ამკვიდრებენ.
ქალების პასიურ პოლიტიკურ ცხოვრებას საზოგადოებაში არსებულ უნდობლობას უკავშირებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთადერთი ქალი დეპუტატი. ნარგიზ დეკანაძე ხულოს საკრებულოს წევრი და ამავე დროს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.
მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ პრობლემის მთავარ მიზეზად განათლების სიმცირეს ასახელებს საკრებულოს წევრი ოთარ ცეცხლაძე. დეპუტატი არ ეთანხმება გენდერული თანასწორობის მიზნით კვოტირების სისტემის შემოღებას და უპირატესობას ამ კუთხით განათლების გაუმჯობესებას ანიჭებს.
ნაკლებად რისკიანები გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ამ მიზეზით ხსნის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს წამყვან პოზიციებზე ქალების ნაკლებობას. ბესიკ ბაუჩაძე გენდერული კუთხით არსებულ მდგომარეობას სახარბიელოდ არ მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ გამგეობაში დასაქმებულთა შორის ქალების რაოდენობა გაიზრდება.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული 107 პირიდან ქალი მხოლოდ 21-ია. მათი უმრავლესობა ძირითადად თანაშემწეების და საქმის მწარმოებლის პოზიციებს იკავებენ.