07, მაისი 2020 12:53:00
Tinder აპირებს მობილურ აპლიკაციაშივე ჩააშენოს ვიდეოზარის ფუნქცია. ეს ახალი შესაძლებლობა, გაცნობის ამ პლატფორმის მომხმარებლებისთვის, სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ტინდერის მფლობელი კომპანია Match Group აცხადებს. დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. აქამდე, აპლიკაციაში არსებული ვიდეო შესაძლებლობა მხოლოდ გიფების გაგზავნას უკავშირდებოდა.
კომპანია Match-ის ცნობით, COVID-19-ის პირობებში, ტინდერის მოხმარების მაჩვენებელმა ყველა დროის მაჩვენებელს გადაუსწრო. მაგალითად, 30 წლამდე ასაკის ქალების მხრიდან პლატფორმაზე აქტიურობა 37%-ითაა გაზრდილი აპრილში, თებერვალთან შედარებით. გარდა ამისა, იგივე თვეებში, მომხმარებელთა შორის გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა 27%-ითაა გაზრდილი.
პანდემიის პირობებში, სხვადასხვა კომპანია ცდილობს საკუთარი სერვისების ახალ მოცემულობებში ადაპტირებას. ტინდერის გადაწყვეტილებაც ამ ველიდანაა. ზუსტად არავინ იცის, როდის ჩათვლიან ადამიანები უსაფრთხოდ პირისპირ შეხვედრას. ეს მით უფრო აქტუალურია გაცნობის აპლიკაციის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, Tinder-ის მომხმარებლებს მალე ახალი – ვიდეოზარის შესაძლებლობა ექნებათ.