04, მარტი 2020 23:14:00
აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მოვალეობის შემსრულებელი სოციალურ ქსელებში LGBT- თემის მიმართ ჰომოფობიური შინაარსის გზავნილებით გამოირჩევა. გიორგი აბაზაძე სექსუალური უმცირესობის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს და თემის დისკრედიტაციას ცდილობს. აბაზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არც სექსისტური შინაარსის პოსტებს ერიდება.
როგორ შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი LGBT- თემის გაშუქებისას ბალანსის დაცვას? ვკითხეთ მაუწყებლის დირექტორის მოადგილეს. ვახო ხუზმიაშვილი სიძლვილის ენას და ჰომოფობიას ემიჯნება, თუმცა ფაქტზე რეაგირების მოხდენას არ აპირებს.
„თუ ვინმეს სექსუალური ორიენტაციის გამო, რაიმე სახით შეურაცხყოფას აყენებენ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. როგორ შეიძლება ჰომოფობები მომწონდეს, მაგრამ კოლეგის შემფასებლად ვერ გამოვდგები“ - ამბობს ვახო ხუზმიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
გიორგი აბაზაძე TV25.GE-ს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს .
საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, მაუწყებლის თანამშრომელი ვალდებულია: სამართლიანად გავაშუქოთ ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან დაკავშირებული თემები.
თანასწორობა – არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
შეგახსენებთ, აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დღეს დაინიშნა.


