"ჩემი ძალიან დიდი სურვილიც არის, რომ ღურტის ბაღიდან წავიდე! სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი ჩანაწერში რომ იცის სამთავრობო სიტუაციამ მეთქი. მე მთელი ზაფხულია ვეხვეწები მთავრობას, რომ გამომინახეთ ალტერნატიული გზა და სხვაგან დამასაქმეთ მეთქი. გაითვალისწინეთ ჩემი ოჯახური მდგომარეობა და მანდ პრინციპით ნუ მამუშავებთ მეთქი. ეს არის რეალური და ჩემი დიდი სურვილია, თან დიდი ხანია, რომ ღურტის საბავშვო ბაღიდან წავიდე" - წერს ღურტას საბავშვო ბაღის გამგე მედეა მამულაძე სოციალურ ქსელში.
TV 25-ის ეთერში გუშინ, გასულ სიუჟეტზე აჭარის მთავრობა რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ მაუწყებელს უწყების პრესცენტრიდან აცნობეს. აქ არ აკონკრეტებენ რა სახის რეაგირებაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
შეგახსენებთ, ღურტას საბავშვო ბაღის გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ვიდეო კადრები გუშინ, 29 აგვისტოს TV 25-მა გაავრცელა. სიუჟეტში ბაღის გამგე აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს თანამშრომლებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაც ბავშვების თვალწინ ხდება.
თანამშრომლები გამგეს შევიწროებაში ადანაშაულებენ, ხელმძღვანელი კი პროვოკაციებსა და ორგანიზებულ შეტევებზე საუბრობს.
ღურტის საბავშვო ბაღის გამგე თანამშრომლებს სოციალურ ქსელში ბოროტმოქმედებად, ბებრუხანებად და კლანებად მოიხსენიებს. სიძულვილის ენით შეურაცხმყოფელ პოსტებს მედეა მამულა დაწესებულების ოფიციალურ გვერდზე წერს. ხელმძღვანელი სიძულვილის ენით გაჯერებულ კომენტარებსაც არ ერიდება და ამბობს, რომ მტრებს არ გაახარებს. ჩვენ ვესაუბრეთ საბავშვო ბაღის გამგეს, რომელმაც დაადასტურა, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტებს თავად წერს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის გამგემ თანამდებობა უნდა დატოვოს.