30, აგვისტო 2019 23:10:00
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ღურტას საბავშო ბაღში. თანამშრომლები გამგეს შევიწროებაში ადანაშაულებენ, ხელმძღვანელი კი პროვოკაციებსა და ორგანიზებულ შეტევებზე საუბრობს. რეალურად კი გაუგებარია რის საფუძველზე ჩხუბობენ დაწესებულების თანამშრომლები. კონფლიქტები ხშირ შემთხვევაში ბავშვების თანდასწრებით ხდება. შემქნილი ვითარების ფონზე კი არსაზრდელები ტირიან. თემაზე სულხან მესხიძე მუშაობდა, რომელმაც ფიზიკური ძალადობის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. მხარეთა პოზიციებს ახლა თავად გავაცნობს, სულხან გისმენთ.
ღურტის საბავშვო ბაღის გამგე თანამშრომლებს სოციალურ ქსელში ბოროტმოქმედებად, ბებრუხანებად და კლანებად მოიხსენიებს. სიძულვილის ენით შეურაცხმყოფელ პოსტებს მედეა მამულა დაწესებულების ოფიციალურ გვერდზე წერს. ხელმძღვანელი სიძულვილის ენით გაჯერებულ კომენტარებსაც არ ერიდება და ამბობს, რომ მტრებს არ გაახარებს. ჩვენ ვესაუბრეთ საბავშვო ბაღის გამგეს, რომელმაც დაადასტურა, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტებს თავად წერს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
მამულაძეს მიაჩნია, რომ თანამდებობა, რომელზეც მუშაობს თანამშრომლებს სურთ და მის მოშორებას აპირებენ. ეს ყველაფერი კი ორგანიზებულად ხდება. მისი მტკიცებით, პროცესში სამთავრობო კლანიცაა ჩართული.
ღურტის საბავშვო ბაღის გამგემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით ჩვენც მოგვმართა. ამტკიცებს, რომ ტელევიზია მისი მტრების ინტერესებს ატარებს.
საჯარო მოხელე მუქარასაც არ მოერიდა. ჩამოგვითვალა მაღალჩინოსნების სახელი და გვარები, რომლებიც მისი მტიცებით, მხარს უჭერენ. მედეა მამულაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ერთ საინტერესო დეტალზეც გაამახვილა ყურადღება. ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ხულოში სუსის კადრია და ბაღში კაროლივით ზის.
თანამშრომლების მტკიცებით, საბავშვო ბაღის გამგე მათ პირად საკითხებზე უპირისპირდება და კონფლიქტი სამსახურთან კავშირში არაა.
ირკვევა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შორის დაძაბულობა დიდი ხანია, რაც არსებობს. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების დროს კი ბავშვები ტირიან.
TV 25-მა ფარული ვიდეო ჩანაწერიც მოიპოვა, რომელიც დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. კადრებში ჩანს როგორ ეხებიან ხელით ერთმანეთს გამგე და თანამშრომელი.
დაპირისპირებული მხარეების, კონფლიქტებისა და პატარების სტრესულ გარემოში აღზრდის შესახებ როგორც ხულოს საბავშვო ბაღის გაერთიანებაში გვარწმუნებენ ინფორმაცია არ გააჩნიათ.
გულნარა, მე მაყურებელს აქვე ვეტყვი, რომ ღურტის საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ მასალის მცირე ნაწილი ანონსის სახით ჩვენს ოფიციალურ საიტზე განთავსდა, რის შემდეგად მედეა მამულაძე დაგვიკავშირდა და სიუჟეტის წაშლა მოგვთხოვა, რაზეც ბუნებრივია უარი მიიღო. ამის შემდეგ კი დაგვემუქრა - იმ შემთხვევაში თუ მასალა არ წაიშლებოდა იგი თავს მოიკლავდა და წერილს დატოვებდა. შესაძლო დანაშაულის შესახებ ჩვენ პოლიციას ვაცნობეთ, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.