საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს,
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს
ქალბატონო თამარ,
მოგმართავთ ბსუ-ს სტუდენტი – როგორც ქართული მედია წერს, სტუდენტი, რომელმაც თავისი ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მჭირდება თქვენი, როგორც პოლიტიკოსის, მმართველი პარტიის ლიდერის, როგორც ქალის მხარდაჭერა, რადგან ის, რაც ჩემს, 19 წლის გოგოს გარშემო ბოლო პერიოდში ხდება, არის ძალიან დამთრგუნველი და რთული.
ქალბატონო თამარ ალბათ გაიგეთ, მაგრამ მაინც მინდა მოგახსენოთ, რომ სოციალური ქსელიდან, მესინჯერიდან ჩემზე რამდენიმე დღის განმავლობაში ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ, ჩემი ლექტორის ფეისბუქ გვერდიდან მომდიოდა მისი სექსუალური ხასიათის ფოტოები. ის საპასუხოდ მოითხოვდა ჩემი ღირსების შემლახავი ფოტოების გაგზავნას. მომმართავდა არასასურველი სიტყვებით, რაც მიზნად ისახავდა ჩემთვის ღირსების შემლახავ და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას… ეს მე მაყენებდა ტკივილს.
მიუხედავად ჩემი უარისა, ლექტორის ფეისბუქგვერდიდან მოწერას არ წყვეტდა. აღნიშნულმა ლექტორმა ისარგებლა ჩემი მდგომარეობით, ანუ იმით, რომ მისგან განსხვავებით მე ზურგს არავინ მიმაგრებდა და არც ახლა მიმაგრებს.
ბევრი ფიქრის და შიშის შემდეგ გადავწყვიტე ეს ამბავი მხოლოდ ჩემთან არ დამეტოვებინა. გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ უნდა გაეგო საზოგადოებას, სხვა ქალებს, თქვენ, ანუ ვისი მხარდაჭერის იმედითაც დავიწყე ამაზე ღიად საუბარი.
მივმართე ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან სიჩუმის შემთხვევაში ვშიშობდი, რომ უარეს მდგომარეობაში აღვმოჩნდებოდი…
ახლაც ვცდილობ დავიცვა ჩემი უფლებები, ღირსება და ვაჩვენო სხვა სტუდენტებს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არის შესაძლებელი საკუთარი უფლებების დაცვა და ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას საკუთარი უფლება.
მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, როგორც ქალს, გავლენიან პოლიტიკოსს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს. მოგმართავთ სტუდენტი და გთხოვთ თვალი ადევნოთ საქმის მსვლელობას. გამოიჩინოთ კეთილი ნება და პროცესში ჩაერთეთ მაქსიმალურად. ვფიქრობ, ჩემი, როგორც 19 წლის გოგოს მძიმე გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ ქალზე ძალადობის მსგავს შემთხვევები თუ სამართალდამცავების უმოქმედობა.
ვფიქრობ, ამით ხელს შევუწყობთ უნივერსიტეტებში სექსუალური შევიწროების ფაქტების აღმოფხვრა, რაც სავალალო იყო.
მართალია, ჩემი ლექტორი, რომელიც მე ვამხილე, ამტკიცებს, რომ თავად არ მიგზავნიდა მესიჯებს, რომ მისი „აიქლაუდი“ [აიფონის ფოტოარქივის პლატფორმა] და სოციალური ქსელი გატეხეს, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ სიმართლე გაირკვევა და მე არ დავიჩაგრები.
პატივისცემით სტუდენტი, რომელიც თავის სახელს ვერ წერს
წყარო: "ბათუმელები"
ამავე თემაზე:
სკანდალი ბსუ-ს ლექტორის ირგვლივ - საქმეში ფოტო მტკიცებულებებიც არსებობს
ახალი მტკიცებულებები სექსუალური შევიწროების საქმეში