23, მაისი 2019 21:04:00
მოქალაქეები შემოვლითი გზის მშენებლობის წინააღმდეგ. სადაო მიწის ნაკვეთია. სალიბაურში მცხოვრებლებს სახელმწიფოსთან კითხვა აქვთ- რატომ არ დაურეგისტრირეს მათ სარგებლობაში არსებული ტერიტორია ? პროტესტის ნიშნად სამუშაოები შეაჩერეს, მოთხოვნების არგათვალისწინების შმეთხვევაში კი აქციებს აანონსებენ. მოქალაქეების გაბრაზების მიზეზებზე პასუხებს ჩემი კოლეგა არკვევდა.
გზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სალიბაურში მიმდინარეობს ადგილობრივებმა შეაჩერეს. ამბობენ, რომ ტერიტორია წლების მანძილზე მათ სარგებლობაში იყო. დაკანონებასაც დაჰპირდნენ თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთები სხვა პირებზე იყო დარეგისტრირებული. ისინი პროტესტის გაგრძელებას მანამ აპირებენ, ვიდრე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები კონკრეტულ პასუხს არ გასცემენ.
სამშენებლო სამუშაოების გამო, 15-მდე ოჯახს, ნარგავები გაუნადგურდა. ირწმუნებიან, რომ მშენებლობამდე მათ არავინ გასაუბრებია. ადგილობრივების მტკიცებით, დოკუმენტები, რომელიც მათ მიწის დაკანონებაში დაეხმარებოდა, ხელვაჩაურის მერიაში აღარ არსებობს.
საპირისპიროს აცხადებენ ხელვაჩაურის მერიაში და ირწმუნებიან, რომ მსგავსი დოკუმენტები მათთან არ შესულა. სალიბაურში მცოხვრები მოსახლეობის პრობლემების შესახებ კი, ჩვენგან შეიტყვეს. უწყების ქონების მართვის განყოფილებაში გვითხრეს, რომ საკითხის მოგვარებას მოსახლეობის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაიწყებენ.
გზის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ვის სარგებლობაშია ტერიტორია, სადაც მშნებელობა მიმდინარეობს? - უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბრებში კი თქვეს, რომ მონაცემები კონფიდენციალურია და მხოლოდ მიწის მფლობელების თანხმობის შემდეგ გახდება საჯარო.