საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ყოფილი თანამშრომელი აპირებს. გიორგი წულაია, რომელიც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო მსურს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსში. ჩემი ეს ნაბიჯი განპირობებულია იმ უზომო სიყვარულის და მოგონებების გამო რაც მე ამ კონკრეტული ტელევიზიის მიმართ მაკავშირებს, დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ სრულიად გამოუცდელი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, პირველად მოხვდი იმ ჯადოსნურ გარემოში რასაც ტელევიზია, რადიო და "ცისფერი ეკრანები" ჰქვია. რასაკვირველია სტაჟიორის რანგში სწორედ მაშინ პირველად და საბოლოოდ მოვიწამლე ტელევიზიით, არასდროს დამავიწყდება იმ ადამიანების თანადგომა და სიყვარული ვინც იქ დამხვდა და მეხმარებოდა, მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, იყო ბევრი წარმატება, პროექტები, იყო იმდეგაცრუებაც. მე ვიცი აქ მომუშავე ადამიანების ბრაზი და გულისტკივილი, თუმცა ასევე ვიცი მათი ერთმანეთისადმი სიყვარულიც, რიგ შემთხვევებში მათი შრომა უანგარო და შეუფასებელია. ეს ყველაფერი ვიცი იმიტომ, რომ მე ამ ტელევიზიის და რადიოს წიაღიდან მოვდივარ. პირდაპირ გეტყვით, რომ მიუხედავად ყველაფრისა აქ მუშაობენ საოცრად თბილი და კეთილი ადამიანები. ნამდვილად არ მსურს ჩემი სენტიმენტებით თავი მოგაწყინოთ, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ თითქმის 12 წლიანი მუშაობის შემდეგ 2015 წელს მივიღე საკმაოდ რთული გადაწყვეტილება, დამეტოვებინა ტელევიზია და გავმგზავრებულიყავი საზღვარგარეთ სასწავლებლად, კერძოდ კი ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნესს სკოლაში, ამავე პერიოდში მომეცა უნიკალური შესაძლებლობა განათლება მიმეღო ლონდონის ბაქჰინგემის სამეფო უნივერსიტეტში, სადაც მომენიჭა კიდეც მაგისტრის ხარისხი. ეს იყო საოცრად საინტერესო, ემოციებით სავსე, შთამბეჭდავი თავგადასავალი. მიუხედავად იმისა რომ ამჟამად დავბრუნდი საქართველოში და ვმუშაობ კერძო სექტორში, საკმაოდ სოლიდურ კომპანიაში, გულწრფელად მინდა მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს მშობლიურ ტელევიზიას, რა თქმა უნდა თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა. დანარჩენს გვიჩვენებს ცხოვრება და მრჩეველთა საბჭო“ - წერს გიორგი წულაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ღია კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების წარდგენა 24 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.
ყოფილ დირექტორს ვადის ამოწურვამდე რვა თვე ჰქონდა დარჩენილი. ნათია კაპანაძე თანამდებობიდან მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.
კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამავე თემაზე: აჭარის ტელევიზია არ ასაჯაროებს იმ ოპერატორების ხელფასების შესახებ ცნობას, რომლებიც ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ