18, აპრილი 2019 17:14:00
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი იმ ოპერატორ-მემონტაჟეების ხელფასების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარს აცხადებს, რომლებიც ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
„TV 25“-ის მიერ გამოთხოვილ საჯარო წერილში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მაუწყებლის ახალი ამბების რედაქციაში დასაქმებული ოპერატორების ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რომლის გასაჯაროებაზეც მენეჯმენტს თანამშრომლებმა უარი უთხრეს.
ცნობისთვის „მაცნემ“ 17 აპრილს, ოპერატორების გაფიცვის შესახებ მასალა მოამზადა, სადაც კომპანის HR სამსახურზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ მათი ანაზღაურება 1 300-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. ჰონორარის ფარგლებში ოპერატორებს კვირაში სამ დღიანი დასვენება, ერთ საათიანი შესვენება, ჯანმრთელობის დაზღვევა და წლის განმავლობაში რამდენიმე მივლინება აქვთ.
მასალის ეთერში გასვლის შემდეგ საკითხი სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის საგანი გახდა. ">კომპანიის თანამშრომლების მცირე ნაწილის მტკიცებით, სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები, ანაზღაურების ნაწილში სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად ოპერატორებს გაცილებით ნაკლები ხელფასი აქვთ.
შეგახსენებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი გაფიცვას ხვალიდან იწყებს. მათ წერილობითი განცხადება მაუწყებლის კანცელარიში უკვე შეიტანეს. უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ მათ პარალელურად მემონტაჟის ფუნქციის შეთავსებაც უწევთ, რაშიც დამატებით ანაზღაურებას არ უხდიან.
გუშინ, კომპანიის 103 თანამშრომლის მიმართვაც გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ნათია კაპანაძის მონაპოვარი არ არის.
ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს.
ცნობისთვის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე ითხოვს. ისინი მოქმედ დირექტორს პრიორიტეტების შეუსრულებლობას, მათთან კომინიკაციის არქონას, დაუსაბუთებელ ხარჯებსა და რეიტინგის ვარდნას ედავებიან.