22, მარტი 2019 20:03:00
სოფლები სანაგვე ურნების გარეშე. ვსაუბრობთ შუახევის მუნიციპალიტეტზე, სადაც მოქალაქეები ნაგავს მდინარეებსა და ხევებში ყრიან. რატომ ვერ უზრუნველყო ადგილობრივი ხელისუფლების ნარჩენების მართვის პოლიტიკამ სუფთა გარემოს შენარჩუნება?
ვინ ყრის ნაგავს ხევებში და რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად. როგორია ნარჩენების მართვის პოლიტიკა შუახევში და რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა?
სოფელი ბუთურაული მუნიციპალურ ცენტრს თხუთმეტი კილომეტრითაა დაშორებული. მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის ნაწილს, ვისაც საკუთარი ავტომობილი აქვს საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ინდივიდუალურად, ცენტრში მიაქვს და იქ განთავსებულ ურნებში ყრის, ხოლო, ის ვინც ამ ფუფუნებას მოკლებულია საკარმიდამო ნაკვეთში წვავს. სოფელში არიან ისეთებიც, ვისთვისაც სუფთა გარემო უმნიშვნელოა და ნარჩენებს მდინარეებსა თუ ხევებში ყრიან.
დავით დიასამიძის ოჯახი ნარჩენებს მუნიციპალურ ცენტრში განთავსებულ ურნებში ყრის და ასე ნიადაგში პოლიეთილენის მოხვედრას უფრთხილდებიან.
ამ სოფელში, ოთხ ადგილზე ნაგვის მცირე კონტეინერია განთავსებული. ნარჩენებისგან სავსე თავდაუხურავი ურნები კი თოკითაა მიმაგრებული. ადგილობრივი ციალა მიქელაძე გვეუბნება, რომ ურნები, სკოლის მოსწავლეების მიერ, ერთ-ერთ პროექტში გამარჯვების შემდეგ დაიდგა.
ამ სოფლისგან განსხავევბით, შუახევის სხვა დასახლებაში ნარჩენებით გადავსებული კონტეინერები არ არის, თუმცა უკანონო ნაგავსაყრელები მრავლადაა.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის რა პოლიტიკა ან სამოქმედო გეგმა გააჩნია ხელისუფლებას? ირკვევა, რომ ამ მხრივ შუახევის მუნიციპალიტეტს არც კი უფიქრია. ნარჩენების მართვის სამუშაო პროგრამა კი, დაბებიდან სპეცტექნიკით, ნარჩენების გატანას ითვალისწინებს.
ეკოლოგიის ექსპერტი, კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ კვლებებზე დაყრდნობით, ამ კუთხით შუახევში სავალალო მდგომარეობაა და მოსახლეობის 80% -ზე მეტს დასუფთავების სერვისზე ხელი არ მიუწვდება, რაც ნარჩენების გარემოში გავრცელების რისკს ზრდის.
შუახევის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმართველობას, ნარჩენების სამართავად 2019 წლისთვის 45 000 - ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.